შინაარსზე გადასვლა

ხირსის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხირსის მონასტერი
ხირსის მონასტრის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ხირსის მონასტერი — საქართველო
ხირსის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°34′39″ ჩ. გ. 46°00′01″ ა. გ. / 41.577639° ჩ. გ. 46.000417° ა. გ. / 41.577639; 46.000417
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ხირსის სტეფანწმინდის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში[1]. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557 წწ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს.

ვახუშტი ბატონიშვილის მასზე წერს:

ვიკიციტატა
„კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი.“

ხირსის მონასტრის დაარსება უკავშირდება სტეფანეს სახელს, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში ასურელ მამებთან ერთად მოვიდა საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მან შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე ტყით დაფარული პატარა ფერდობი, სადაც დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მცირე ეკლესია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, კახეთის მეფე კვირიკე I-ის (893-918 წწ) შრომით შეცვლილა გუმბათიანი ტაძრით. XVI საუკუნის 40-იან წლებში კი ლევან კახთა მეფის დროს განახლდა.

ეტიმოლოგიურად თითქმის აუხსნელია ხირსის სახელწოდება. ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსი“-დან, რომელიც შემდეგ იქცა ხირსად, ხოლო მეორე მოსაზრებით მას სახელწოდება უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან.[2] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის მოსაზრებით კი ამ სახელის მატარებელი იყო ადგილი პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულ წმინდა მამას მის აღსანიშნავად ეწოდებინა მონასტრისთვის.

ხირსის მონასტერი სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა საუკუნეების მანძილზე. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ცდილობდნენ ქრისტიანობა შეეტანათ დაღესტნელ ლეკებში. ამ მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია XVIII საუკუნის მოღვაწე იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას მისდევდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახთის ერთ-ერთი მონასტერი იყო, რომელშიც ღვთისმსახურება აღესრულებოდა.

1895 წელს ხირსის მონასტერზე ლეონიდე ოქროპირიძე წერდა: „ეს უბედური მონასტერი აუცილებლად დაიკეტება ჩვენთვის და რუსებს ჩაუვარდებათ ხელში. სწორედ დედამიწის ბოლო ჰგონიათ ყველას და აქ წამოსვლა დაღუპვად მიაჩნიათ, როდესაც ქართველები ასე უგულოდ ეკიდებიან ამ მონასტერს, რუსები გულმოდგინობენ. იქნება ეგზარხოსსაც აღარ ჰკითხონ, პირდაპირ პეტერბურგიდან ბერები გამოაგზავნონ. ქართველი ვარ და არ მინდა ჩემი მამა-პაპათა სასაფლაო უცხო ტომის ხალხს ჩავუგდო ხელში. მონასტერი გაიღვიძებს, აღდგება და მტკიცე საფუძველზე დადგება.“

კომუნისტების პერიოდში აქ მონასტრული ცხოვრება შეწყდა. გაიძარცვა ყველაფერი, საფლავებიც კი. თავად ტაძარს საწყობად იყენებდნენ. ბერების საცხოვრებელ ორსალთულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მონასტერი კვლავ მოქმედი გახდა.

ხირსის მონასტრის მთავარი სიწმინდე იყო წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკა თითი. გადმოცემიტ, ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა — ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისათვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

2002 წლის გაზაფხულზე წმინდა ნიკოლოზის ეკვდერი განახლდა.

2004 წლისათვის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარს კიდევ ორი მომქედი ეკვდერი შეემატა — ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა სტეფანე ხირსელისა.

ხირსის მონასტერი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. მთავარია სტეფანწმინდის სახელობის ტაძარი, რომელიც ბაზილიკის სახით აუშენებია სტეფანე ხირსელს. IX-X საუკუნეების მიჯნაზე, როგორც თავად ტაძრის წარწერა ამბობს, კახეთის ქორეპისკოპოსს კვირიკეს ბრძანებით ბაზილიკა გადაუკეთებიათ გუმბათოვან ტაძრად. შემდეგ იგი არაერთხელ დანგრეულა და აღუდგენიათ (XI ს., XVI ს., XIX ს.). ტაძარი კაპიტალურად შეკეთებულა 1822 წელს ეგზარქოს იონას დროს.

ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომელიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41.3 მეტრია, სიგანე — 23.4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე — 15.4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლილი კარი ორი აქვს — დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმინდა ნიკოლოზის ეკვდერისაკენ მიემართება, ხოლო იქიდან — მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხეველის მარჯვნივ, სამხრეთით, არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით, მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც ღირსი სტეფანე ხირსელის სამარხია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთითა რის წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან მღვდელმონაზონ ფილადელფოს კიკნაძის მიერ მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

მთელი ამ პროცესების შემდეგ ტაძარი ნაგებია ლოდებით აგურებითა და რიყის ქვებით. ტაძარს არ აქვს განსაკუთრებული ჩუქურთმები, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ კედელზე სარკმლის თავზე შესრულებულ არქიტრავს, მის ზემოთ ჩადგმულ აყვავებული ჯვრის რელიეფს ქართული საომთავრული წარწერით:

ვიკიციტატა
„ქრისტე ადიდე კვირიკე მეფე“

და ამავე სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ ჩადგმულ რელიეფურ ჯვრებს. მარჯვენა ჯვრის მკლავებში ასევე ქართული ასომთავრული წარწერაა შესრულებული:

ვიკიციტატა
„ქ. ქრისტე ადიდე მეფობა ლეონისი, ამინ. უფალო.“

მონასტრის დასავლეთ კედელში ჩადგმულია კიდევ ერთი წარწერიანი ფილა, რომელიც იხსენიებს იმპერატორ ალექსანდრეს და მის მხედრობას:

ვიკიციტატა
„ადიდე ღმერთო იმპერატორი ალექსანდრე პირველი და მხედრობანი მისნი. ამინ. და არხიმანდრიტი ნიკიფორე.“

ტაძრის ინტერიერში, რამდენიმე ადგილას კედელში ჩადგმულია ჩუქურთმები, რომლებიც ბაზილიკის კუთვნილი უნდა იყოს.

ტაძრის დასავლეთით აღმართულია მაღალი გალავანი, რომელიც პლატონ იოსელიანის ცნობით კახეთის მეფე ლევანს შეუკეთებია. XIX საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) საკუთარი სახსრებით აუგია ტაძრის სამსართულიანი სამრეკლო. ამავე პერიოდში მონასტრის ეზოში დაარსდა საეკლესიო-სამრევლო სკოლა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 161-166
  • ეპისკოპოსი კირიონი. ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი. თბილისი, 1998 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]